ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 360 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 1 181 შემთხვევიდან 360 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამურად აჭარაში 5 191 პაციენტი განიკურნა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 7 ინფიცირებულიდან ერთი, 69 წლის კაცი, ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას გადის 640 პაციენტი, მათგან 20 არასრულწლოვანი და 30 ორსულია. ამას გარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 79 ინფიცირებული, Covid-სასტუმროებში – 1 003 (მათგან 82 არასრულწლოვანი), ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას კი 1 500-ზე მეტი ადამიანი აგრძელებს. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 36-ია.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 10 325 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები