კორონავირუსი საქართველოში

D-დიმერი და სისხლის საერთო - სახლში დარჩენილ ინფიცირებულებს, შესაძლოა, ანალიზები ჩაუტარდეთ

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, იგეგმება, რომ უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, სისხლის საერთო და D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდეთ. მან აღნიშნა, რომ ბინაზე დარჩენილებს სპეციალური Covid-მკურნალობა არ ესაჭიროებათ.

"თუ ვინმეს სჭირდება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები მიჰყავთ ჰოსპიტალში. ახლა ვგეგმავთ, ბინაზე მოვლისას, ინფიცირებულებს გამოკვლევების მინიმალური პაკეტი, ალბათ, სისხლის საერთო და D დიმერის ანალიზი შევთავაზოთ. ეს არ ხდება დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში, იქ ბინაზე ვისაც ტოვებენ, ნიშნავს, რომ უსიმპტომოა და არ სჭირდება არც გამოკვლევა და არც მკურნალობა.

D-დიმერი არის სისხლის ანალიზი, რომელიც უჩვენებს თრომბოემბოლიური გართულების რისკს, რადგან ასეთი გართულებები ამ დაავადებისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებისთვის.

იყო ორი სიგნალი სახლში დატოვებული პაციენტებისგან, ეს სიგნალი რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას პრეცედენტი, როგორც უცხოეთში ხდება, რომ უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბოლომდე არა, მაგრამ მუშავდება ჯერ ეს საკითხი, სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს თრომბოემბოლიური განვითარების რაღაც რისკ ფაქტორი, თუნდაც ძალიან მცირე, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერი, რაც იქნება გარანტია, რომ ასეთი გართულება არ განუვითარდეს". – თქვა ცერცვაძემ.

რამდენიმე დღის წინ ბათუმში, Covid-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია.

კომენტარები