პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებით, მათ ალტერნატიული წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარეს, სადაც 22.8%-ით სწორედ თავად ლიდერობენ.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ მათ კვლევისთვის 1 200 000 ადამიანი გამოჰკითხეს, რომელთაგან 900 000-ის აუდიოჩანაწერი აქვთ. დეპუტატის თქმით, მათგან 300 000-ის პოზიცია 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე აღირიცხა და კვლევის შედეგებიც სწორედ მათ პასუხებს ეფუძნება.
პრორუსულ პარტიას კვლევის მეთოდოლოგია, ცდომილება ან სხვა დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 22.8%
- ქართული ოცნება – 15.4%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2.5%
- ლეიბორისტული პარტია – 0.8%
- გირჩი – 0.7%
- ევროპული საქართველო – 0.65%
- ლელო – 0.64%
- ერთიანი საქართველო – 0.31%
- სხვა პარტიები – 1.09%
- არცერთი პარტია – 5.83%
- თავი შეიკავა – 49.29%
პარტიების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 100.1%-ს უდრის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გამოქვეყნებული არცერთი კვლევა მიახლოებით მაინც არ იმეორებს პრორუსული პარტიის შიდა კვლევის შედეგებს.
Edison Research-ის (ტელეკომპანია ფორმულას) კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს 3% აქვს, ხოლო IPSOS-ის (მთავარი არხის) კვლევის მიხედვით – 1.2%.