კორონავირუსი საქართველოში

მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა აიკრძალება

თბილისისა და იმერეთის შემდეგ, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა მცხეთის მუნიციპალიტეტშიც აიკრძალება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ანუ ისეთი რეჟიმი ამოქმედდება, როგორიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს რესტორნებთან მიმართებით". – თქვა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია, როდიდან შედის შეზღუდვა ძალაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.

20 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158  კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისში, იმერეთში და უკვე მცხეთაში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები