ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 1 194 ახალი შემთხვევიდან 60 სამედიცინო პერსონალია

AFP - Getty Images

დღეს, 20 ოქტომბერს აღრიცხული კორონავირუსით ინფიცირების 1 194 შემთხვევიდან 60 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 706 უსიმპტომო პაციენტია, 222 ინფიცირებულთან კონტაქტი, 35 თვითიზოლაციაში მყოფი პირი, ხოლო დანარჩენი შემთხვევები პატარ-პატარა ჯგუფებში გადანაწილდა.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 158 პირი გარდაიცვალა. სულ COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები