ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მთელ ქვეყანაში, დაახლოებით, 800-900 საწოლია თავისუფალი

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, კლინიკებში 800-900 საწოლია თავისუფალი. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, ყოველდღიურად ხდება ავადმყოფების გამოწერა, ამიტომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონი მინისტრისგან, დღესაც, დაახლოებით, 800-900 საწოლია, მთელ ქვეყანაზე მაქვს საუბარი, სხვადასხვა პროფილზე, რადგან მოგეხსენებათ კოვიდ ავადმყოფები შეიძლება, იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებითაც და შეიძლება, მათ მოუწიოთ დიალიზის განყოფილებაში დაწოლა ან ონკოლოგიური პაციენტი იყოს კოვიდთან ერთად. ამიტომ ამის სპეციალიზირებული საწოლებიც არის მრავალპროფილიან ჰოსპიტლებში". – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში ვირუსს 158 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები