კორონავირუსი საქართველოში

შსს: 112-ში 24 საათში 3 000-მდე არამიზნობრივი ზარი შემოვიდა, ეს აფერხებს მუშაობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი შევიდა. უწყების ცნობით, ეს მუშაობის პროცესს აფერხებს, შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება და წამები გადამწყვეტია, 112-თან დაკავშირებას ვერ ახერხებს. 

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დარეკონ მხოლოდ მაშინ, როცა სჭირდებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.

"ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში 24 საათის განმავლობაში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. 112 განაგრძობს 24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს, როგორც გადაუდებელი შემთხვევის დროს, ასევე ვირუსთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს კი, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.

დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.

112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღევანდელი, 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158 გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები