აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ჩინურ კომპანიებს სანქცირებულ ირანულ კომპანიასთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
Polskie Radio

19 ოქტომბერს აშშ-მ ორ ჩინელ პირს და ექვს ჩინურ კომპანიას, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ირანულ გადამზიდ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის, სანქციები დაუწესა. აღნიშნული ირანული კომპანია არის ირანის ისლამური რესპუბლიკის გადამზიდი ხაზის ჯგუფი - IRISL-ი. 

"მთელ მსოფლიოში დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ გაფრთხილებას: თუ IRISL-თან საქმეს დაიჭერთ, აშშ-ს სანქციების დაწესებას რისკავთ".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია აღიარებს, რომ ირანული რეჟიმი IRISL-ს და მის შვილობილ კომპანიებს იყენებს პროლიფერაციისთვის განკუთვნილი ნივთების ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც განკუთვნილია ირანის ბალისტიკური-სარაკეტო და სამხედრო პროგრამებისთვის.

აშშ-მ IRISL-სა და შანხაიში არსებულ მის შვილობილ კომპანიას E-Sail-ს 8 ივნისს სანქციები დაუწესა და გაფრთხილება გამოსცა, რომ ისინი, ვინც ამ კომპანიებთან ითანამშრომლებენ, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. 

სანქცირებულებს აშშ-ში აქტივები ეყინებათ, ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ. 

19 მაისს აშშ-ს სახაზინოს დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიას Shanghai Saint Logistics Limited, რომელიც ირანულ კომპანიასთან, Mahan Air-თან არის დაკავშირებული, სანქციები დაუწესა. 2011 წელს ვაშინგტონმა ირანულ ავიაკომპანიას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის ყუდსის დანაყოფის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. 

კომენტარები