კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია: ჩაკეტვის თვეები, როცა უნდა მომზადებულიყვნენ, "ოცნებამ" თვითტკბობისთვის გამოიყენა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის ჩაკეტვის პერიოდი ქართულ ოცნებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა - იმ დროისთვის, როცა ეკონომიკა გაიხსნებოდა და ინფიცირების შემთხვევები მოიმატებდა. თუმცა, მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი "თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისა და დამუნათებისთვის" გამოიყენა.

"დღეს, როდესაც საქართველოში დრამატულად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და ჩვენ ზრდის ტემპით გავუსწარით ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, ვხედავთ, რომ ივანიშვილის გუნდს ჩაკეტვის თვეების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ ვითარებისთვის. ახლა საუბრობენ, რომ საველე ჰოსპიტალები შეიძლება, დაგვჭირდეს. ახლა "აღმოაჩინეს", რომ ზრდის დროს ცხელი ხაზი შეიძლება, გადაიტვირთოს და ადამიანები ელემენტარულ რჩევებს ვერ იძლევიან. ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. 

მთელი ეს ჩაკეტვის თვეები, როცა უნდა მომზადებულიყვნენ, გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის, დამუნათებისთვის, ჟურნალისტებით დაწყებული, პოლიტიკური ოპონენტებითა თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სვამდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს. ამ სერიოზული გამოწვევის ამათ ხელში დატოვება იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის". – თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას თქმით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადასახადები არ დაწია, რისკენაც მათ ევროპული საქართველო მოუწოდებდა, პოლიტიკური დანაშაულის ტოლფასია.

"ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების მიმართ, რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დახურეს ქვეყანა. უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს. ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა დამატებით ამ პერიოდში. ასობით ათას ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა". – ამბობს ბოკერია. 

ევროპულმა საქართველომ კორონავირუსის მართვის სტრატეგია - დაუყოვნებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმა წარმოადგინა.  

19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში Covid 19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 3.7-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია მეზობელ ქვეყნებს შორის.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 158 და გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი. ქვეყანაში Covid 19-ის 11 033 აქტიური შემთხვევაა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები