ტურიზმი

რეგულარული ფრენების აღდგენა 1 დეკემბრამდე გადაიდო - აკრძალვა არ ეხება 14 მიმართულებას

რეგულარული ფრენების აკრძალვა 1 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი გამოსცა. შეზღუდვა არ ეხება 14 მიმართულებას. აქედან ოთხში რეგულარული ოქტომბერშიც სრულდებოდა, ნოემბრიდან კი, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა კიდევ 10 ქალაქშია დაგეგმილი.

  1. თბილისი-მიუნხენი (Lufthansa)
  2. თბილისი-პარიზი (Air France)
  3. თბილისი-რიგა (Air Baltic)
  4. თბილისი-მილანი (Ryanair)
  5. თბილისი-ვარშავა (Lot)
  6. თბილისი-ბერლინი (აირზენა)
  7. თბილისი-ათენი (ეგეოსის ავიახაზები)
  8. თბილისი-ამსტერდამი (აირზენა)
  9. თბილისი-ვენა (აირზენა)
  10. თბილისი-დოჰა (კატარის ავიახაზები)
  11. ქუთაისი-რიგა (Wizzair)
  12. ქუთაისი-კატოვიცე (Wizzair)
  13. ქუთაისი-დორტმუნდი (Wizzair)
  14. ქუთაისი-ვილნიუსი (Wizzair)

ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა - თვეში ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერები. 

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს". – ამბობდა ნათია თურნავა მაშინ.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნების უმეტესობამ, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. კერძოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეს ტურისტულად აღარ უშვებს. ლატვია და ლიტვა - თვითიზოლაციას ითხოვს. პოლონეთში საქართველოდან ფრენები ჯერჯერობით აკრძალულია.  

კიდევ ერთი შეზღუდვა, რაც იხსნება, სავალდებულო კარანტინია. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

ხვალიდან, 21 ნოემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 12-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათთან მიმართებით საქართველოს მთავრობა "ორმხრივ რეჟიმში" მუშაობს.

კომენტარები