Nord Stream 2

კრემლი: Nord Stream 2-ზე აშშ-ს სანქციები გამანადგურებელი და არამეგობრულია

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

21 ოქტომბერს კრემლში განაცხადეს, რომ Nord Stream 2-ის გაზის მილსადენის პროექტზე აშშ-ს სანქციები გამანადგურებელი და არამეგობრულია. 

Nord Stream 2-ის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

სექტემბერში სადაზღვევო კომპანიების საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ურთიერთდაზღვევის კომპანიების რამდენიმე კლუბს აერთიანებს, უარი თქვა გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაზე მომუშავე გემების დაზღვევაზე. გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ს მხრიდან უკვე დაწესებული და მოსალოდნელი სანქციებია.

გაზპრომის გაზსადენის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების კანონპროექტი 2 ივნისს რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარმოადგინა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში გარანტირებულად მტკიცდება. 2020-2021 ფინანსური წლის ბიუჯეტში სანქციების კანონპროექტის შეტანა ზომების უფრო სწრაფად ამოქმედების საშუალებას იძლევა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

ნავალნის მოწამვლამ ხელახლა დააყენა Nord Stream 2-ის პროექტის საკითხი. ნავალნის მოწამვლამდე პროექტის დასრულებას ემხრობოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც, თუმცა ნავალნის მოწამვლის შემდეგ, საპასუხო ზომებზე საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი საპასუხო მოქმედება განიხილება". თუმცა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, პეტერ ალტმაიერი გაზპრომის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ემხრობა. მინისტრის თქმით, Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულება აუცილებელია. 

კომენტარები