ყაჩაღობა ზუგდიდში

"დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა, რა უნდა მელაპარაკა" – რას ჰყვება ყოფილი მძევალი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთერთი ყოფილი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, პოლიციაში რამდენიმე საათიანი გამოკითხის შემდეგ პირველად საუბრობს თავდასხმის დეტალებზე ვრცლად.

ირაკლი კვარაცხელია რუსთავი 2-თან საუბარში იხსენებს, თუ როგორ შეიჭრა შეიარაღებული პირი ბანკში, რატომ გაისროლა პირველად და რატომ მოსთხოვა მას, მისი Facebook-ის საშუალებით გაეჟღერებინა მოთხოვნები.

გთავაზობთ ირაკლი კვარაცხელიას პირველ ვრცელ კომენტარს უცვლელად:

"ბანკში მივედი, რომ ბარათი ამეღო. ავიღე რიგის ნომერი... მქონდა 1 წუთის საქმე, მივსულიყავი ოპერატორთან, მეჩვენებინა პირადობის მოწმობა და ამეღო ბარათი. რიგში დგომისას გავიგე სროლა, გავიხედე და შენობაში შემოვარდა კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი. ხელში ხელყუმბარა ეჭირა, რომელიც შემოსვლისთანავე საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ყველას გვიბრძანა, რომ დავწოლილიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვხოცავდა.

ერთერთი ადამიანი, რომელიც შენობის გარედან იღებდა სიტუაციას, მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, შენობიდან - გარეთ...

ამ ადამიანმა ჯერ ერთერთ მძევალს სთხოვა, რომ დაერეკა 112-ში და დაარეკინა, შემდეგ მასვე სთხოვა, რომ Facebook-ზე მოეძებნა ტვ პირველი და მათ დაკავშირებოდა. ამ ადამიანმა უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა Facebook-ით, შემდეგ მეორე ადამიანთან გადავიდა, მას ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, შემდეგ მესამესთან, რომელსაც ინტერნეტი არ ჰქონდა, ასე მოვიდა ჩემამდე და ისარგებლა ჩემი Facebook-ით.

დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა, კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა და მეც ვიმეორებდი.

მოლაპარაკებების პროცესში სამხარეო პოლიციის უფროსი იყო ჩართული, მე რამდენადაც ვიცი, ავთანდილ გალდავა, რომელიც უნდა ვთქვა, რომ იყო პროფესიონალი თავისი საქმის... მან მოახერხა, რომ 3 ადამიანის გარდა ყველა მძევალი გათავისუფლებულიყო..." – ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. თავისუფალია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავაც.

უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს შეიარაღებული თავდამსხმელის დაკავების მიზნით ამ დრომდე გრძელდება.

_______________________________________________________________________________________

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად რამდენიმე საათის წინ, პოლიციის მანქანით დატოვა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა.

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები