ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ნოემბრის შუა რიცხვებში დღიური შემთხვევები ალბათ 3-4 000 იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნოემბერის შუა რიცვხებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური დადასტურებული შემთხვევები სავარაუდოდ 3-4 000 იქნება. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ეპიდემიოლოგები ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში ელოდებიან საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკს.

"ხვალ გვექნება განახლებული ჩვენი პროგნოზები. დაახლოებით სამ სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. ალბათ, დღეში ინფიცირების 3-4 000 შემთხვევა იქნება". – ამბობს იმნაძე.

დღესვე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მთავრობის "მკაცრი რეკომენდაციაა" საქართველოს სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში მოქალაქეებმა ატარონ პირბადე.

დღეს, 23 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 5 და გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი. ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები