ტურიზმი და კორონავირუსი

PCR ტესტით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს 8-დღიანი იზოლაცია მოუწევთ

PCR ტესტით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს 8-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. მათ საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ.

"თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას;

იგივე წესი მოქმედებს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან: ესპანეთი; ლუქსემბურგი; ნიდერლანდები; პოლონეთი; პორტუგალია; რუმინეთი; საბერძნეთი; შვედეთი; ხორვატია; იტალია; კვიპროსი;
სლოვენია; ისლანდია" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ეს წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს.

"მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12-დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

  • საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები - მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;
  • გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარმოადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

"აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 18 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია) გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

მთავრობამ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ათ მიმართულებაზე მოხსნა (ჯამში 14), ხოლო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ ქალაქებში რეგულარული ფრენის უფლება მისცა.

ზაფხულში საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები მხოლოდ რიგის, მიუნხენის და პარიზის მიმართულებით დაუშვა - თვეში ჯამში, დაახლოებით, 20 ფრენა. ასევე სრულდებოდა აირზენას ჩარტერები.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობდა, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურდათ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო მზად არ იყო.

როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს". – ამბობდა ნათია თურნავა მაშინ.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ქვეყნების უმეტესობამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა. კერძოდ, გერმანია საქართველოს მოქალაქეს ტურისტულად აღარ უშვებს. ლატვია და ლიტვა - თვითიზოლაციას ითხოვს. პოლონეთში საქართველოდან რეგულარული ფრენები კი, ჯერჯერობით აკრძალულია.

საქართველოს მთავრობამ ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ.

კომენტარები