კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც

0 კომენტარი
ფოტო: შსს

"გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ. პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდებული მთავრობის მხრიდან". - თქვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერმინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ. 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებისათვის. 

 

"გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - გარე სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს რეკომენდაცია შეასრულონ. ამ მხრივ პოზიტიური ტენდეციები შეინიშნება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა არის შეუსრულებლობის შემთხვევებიც, ამიტომ, იმისთვის, რომ ინფიცირების გავრცელება შენელდეს, მაქსიმალურად უნდა ვატაროთ პირბადე და არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც". - ამბობს მეზვრიშვილი. 

 

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 10 და გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი. 

ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევიდან, 1 034 თბილისში გამოვლინდა, 320 – აჭარაში, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. 

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები