კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი N8 დაწესებულებაში მყოფ ორ ბრალდებულს დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

უწყების ცნობით, ინფიცირებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ე.წ. კოვიდკლინიკაში დაუყონებლივ გადაიყვანა. მათივე ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"23 ოქტომბერს, ჯამში, N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30-მა პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო, მათ შორის ორი ინფიცირებული პატიმრის თანამესაკნეების (სულ ოთხი პირი). პრევენციის მიზნით, ინფიცირებული პატიმრების ოთხივე თანამესაკნე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არის გადაყვანილი, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში (N8 დაწესებულება) გადაყვანა.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა". - წერია უწყების განცხადებაში. 

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია. გარდაიცვალა კიდევ 10 და გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი. 

სულ, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები