კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, გამოწვევა ბევრი იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, თქმით, ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.  ამის შესახებ პრემიერმა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კორონავირუსის გამო ეკონომიკური დანაკლისის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს, თუმცა, როგორც პრემიერი ამბობს, გამოწვევები ბევრი იქნება.  

"ეკონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა". - ამბობს გახარია. 

პრემიერმინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კომენტარები