მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

BBC-მ და Bellingcat-მა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიკვდილით დასჯის ვიდეოს სანდოობა შეამოწმეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ინტერნეტ სივრცეში მთიანი ყარაბაღის რეგიონში მომხდარი შესაძლო სამხედრო დანაშაულის ამსახველი ვიდეოები გავრცელდა. ინფორმაცია ვიდეო მასალის ნამდვილობის შესახებ BBC-მ და Bellingcat-მა გადაამოწმეს.

ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ორ სომეხ პირს აზერბაიჯანელი სამხედროები იჭერენ, მეორე ვიდეოში კი ჩანს, როგორ კლავენ დატყვევებულებს. 

სომხური მხარის თანახმად, ვიდეოში მოკლული ორი კაცი - 73 წლის ბენიკ ჰაკობიანი და 25 წლის იური ადამიანი არიან. აზერბაიჯანი მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ვიდეოები ყალბია.

BBC-ს თანახმად, გამოცემამ გადაამოწმა ვიდეოების სანდოობა. გამოცემა ამბობს, რომ ინტერნეტში გავრცელებული სხვადასხვა ვიდეოებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვიდეომასალა სინამდვილეს ასახავს.

ვიდეოში ადამიანი აზერბაიჯანული აქცენტით, რუსულად ეუბნება ორ დაკავებულ კაცს, იარონ პირდაპირ, დაყარონ იარაღი და ხელები ჰაერში ასწიონ. მეორე სამხედროს ეს ადამიანი აზერბაიჯანულად ესაუბრება და ეუბნება, არ დაარტყას დატყვევებულებს.

ახალგაზრდა ტყვე, იური ადამიანი, ხელების ჰაერში აწევამდე იხსნის ჩაფხუტს და იხდის ქურთუკს. 73 წლის ბენიკ ჰაკობიანს სამხედრო სტილის ქურთუკი აცვია, თუმცა ვიდეოდან გაურკვეველია სამხედროა თუ არა ის. მეორე ვიდეოში ასახულია ორი კაცის სიკვდილით დასჯა. დატყვევებულები ხელებშეკრულები სხედან და მათ სომხეთის დროშები აქვთ შემოხვეული. ვიდეოში ისმის ბრძანება აზერბაიჯანულ ენაზე - "თავში დაუმიზნეთ", ისმის გასროლის ხმა და ტყვეები მიწაზე ეცემიან.

BBC-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც ორივე ვიდეოში ბრძანებებს გასცემს აზერბაიჯანულ ენაზე, ადგილობრივი რეგიონისთვის დამახასიათებელი აქცენტით საუბრობს. პირველ ვიდეოში გამოჩენილი ორი ტყვე და მეორე ვიდეოში სიკვდილით დასჯილი ორი ადამიანის ვინაობა ერთმანეთს ემთხვევა, მათ ორივე ვიდეოში ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინციდენტში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა და ვიდეოებს პროვოკაცია უწოდა.

BBC-ის თანახმად, გამოცემამ შეისწავლა ვიდეოები და დაადასტურა, რომ ისინი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰადრუთშია გადაღებული. სავარაუდოდ, ვიდეოები 9-15 ოქტომბრის პერიოდშია გადაღებული. აზერბაიჯანმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ჰადრუთი აიღეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა ქალაქის გარშემო სტრატეგიული სიმაღლეები აიღო. 12 ოქტომბერს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად.

BBC-ის გარდა ვიდეოების ავთენტურობა გამოიძიეს Bellingcat-ის გამომძიებლებმაც. Bellingcat-ის ანალიზის თანახმად, პირველ ვიდეოში დაკავებულ ორ კაცს მეორე ვიდეოში სიკვდილით სჯიან. იარაღი და სამხედრო ტანსაცმელი, რომელიც პირველ ვიდეოში სამხედროებს აცვიათ, ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ისინი ცალსახად რუსულად ელაპარაკებიან დატყვევებულებს, ხოლო ერთმანეთში აზერბაიჯანულად საუბრობენ. ერთერთი სამხედროს ჩაფხუტის სტილზე დაყრდნობით, Bellingcat-ი ვარაუდობს, რომ ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის წევრია.

მართალია, ის თუ რომელი მხარე აკონტროლებს ჰადრუთს, სადავოა, მაგრამ მკვლელობა მოხდა ჰადრუთის სამხრეთ ნაწილში, ორი ტყვის თავდაპირველი დაჭერის ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, დაახლოებით, კილომეტრით დაშორებულ ადგილას. არსებობს კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანულმა ძალებმა სწორედ ამ ადგილს ჩაუარეს. შესაბამისად, როგორც ჩანს, სიკვდილით დასჯამდე დაკავებულები სომხური ხაზიდან აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

Bellingcat-ი აღნიშნავს, რომ ინციდენტის ლოკაციის კოორდინატები სხვადასხვა ადამიანმა დაადასტურა.

ორივე ვიდეო, თავდაპირველად, აზერბაიჯანულ Telegram-არხებზე გავრცელდა. მოგვიანებით ისინი წაშალეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოების ავთენტურობას უარყოფს და ასევე, მსგავსი პოზიცია გავრცელდა იმავე Telegram-არხებზე, რომლებმაც თავდაპირველად გაასაჯაროეს აღნიშნული ვიდეოები.

"თუმცა, წარმოდგენილი ანალიზი ისევე, როგორც ვიდეოებთან ერთად თავდაპირველად დაპოსტილი განცხადებები, მიანიშნებს იმაზე, რომ ორი სომეხი მებრძოლი 9-15 ოქტომბრის პერიოდში დაატყვევეს აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც შესაძლოა, სპეციალური ქვედანაყოფის წევრები არიან, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს". – წერს Bellingcat-ი.

აზერბაიჯანელმა კომენტატორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვიდეოების ავთენტურობა და აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ვიდეოში არ ჩანს სისხლი. თუმცა, BBC-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების აზრით, მოვლენები, რომლებიც ვიდეოში ჩანს რეალისტურია და არ არსებობს საფუძველი იმ ვარაუდისთვის, რომ ვიდეოები დადგმულია.

სომხეთში ადამიანის უფლებების დამცველმა, არმან ტატოიანმა, ოფიციალურად უწოდა აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან ტყვეების მოკვლას სამხედრო დანაშაული. ტატოიანის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლებმა უკვე მოითხოვეს ვიდეოს ასლები. ტატოიანი აპირებს ვიდეომასალა გაუზიაროს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის სპიკერმა, დაადასტურა, რომ კომისარმა მიიღო აღნიშნული ვიდეომასალა, ყურადღებით ეცნობოდა შემთხვევას და ექნებოდა სათანადო რეაგირება, თუ ამის საჭიროება იარსებებდა.

მას შემდეგ, რაც ჰადრუთში გადაღებული ვიდეოები გავრცელდა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარემაც გაავრცელეს ინფორმაცია სამხედრო ტყვეების შესახებ. აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია სომეხი ტყვეების შესახებ, რომლებიც სამედიცინო დახმარებას იღებდნენ, ხოლო სომხურმა მხარემ გაავრცელა სურათები, რომლებზეც ჩანს აზერბაიჯანელი ტყვე, რომელიც ყარაბაღის საავადმყოფოში მკურნალობს.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები