არჩევნები 2020

ხოშტარია ცესკოზე: ეჭვი ჩნდება, რომ არეგისტრირებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათ აწყობთ

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს მიერ საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მისაცემად რეგისტრირების პროცედურის შესახებ აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც მათ აწყობთ.

"გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ხელისუფლება ვალდებულია და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფს ადამიანების საკონსტიტუციო უფლებას –  მისცენ ხმა. ამის ფონზე ჩვენ ვნახეთ ცესკოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ცესკო და სახელმწიფო უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი, საავადმყოფოში მყოფი, COVID-სასტუმროში მყოფი და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უფლებას. გუშინ დაიწყო ეს პროცესი და პირველივე დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომ მისცენ ხმა.

როდესაც შესული იყო 467 თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანის ზარი, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ხმის მისაცემად, მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირეს, იმ გაუგებარი მიზეზით, რომ ისინი თურმე არ არიან ჯანდაცვის სისტემაში.

ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და, მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27 ოქტომბრის შემდეგ". – ამბობს ხოშტარია. 

ელენე ხოშტარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაახანგრძლივონ რეგისტრაციის ვადა და უზრუნველყონ ყველა პირის რეგისტრაცია, რათა არ შეიზღუდოს არცერთი მოქალაქის საკონსტიტუციო უფლება.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას და ცესკოს, რომ ეს ვადა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ, 30 ოქტომბრამდე, რადგან ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია COVID-ვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პოლიტიკური პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ". – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების საშუალებით, არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური პროტოკოლით შეძლებენ.

კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა წესის დაცვით სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთს მიიტანენ. ასევე, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით. 

თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ხმის ამ ფორმით მისაცემად რეგისტრაციისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დრო 24-დან 26 ოქტომბრამდე მისცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

ცესკოს ამ დადგენილებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც. ორგანიზაციის აზრით, ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში ხარვეზებია და ის ზღუდავს იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის საარჩევნო უფლებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები