აშშ - რუსეთი

პუტინი: უკრაინაში ბაიდენის ვაჟის ბიზნეს საქმიანობაში კრიმინალურს ვერაფერს ვხედავთ

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
Handelsblatt

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობაში, უკრაინასა და რუსეთში, კრიმინალური არაფერია.

"დიახ, უკრაინაში მას (ჰანტერ ბაიდენს) ჰქონდა ან შეიძლება კიდევ აქვს ბიზნესი, არ ვიცი. ეს ჩვენ არ გვეხება. ეს ეხება ამერიკელებსა და უკრაინელებს...

დიახ, მას ჰქონდა, სულ მცირე, ერთი კომპანია, რომელსაც ის ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა და ყველაფრის გათვალისწინებით კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამაში კრიმინალურს ვერაფერს ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით". – თქვა ვლადიმირ პუტინმა რუსული სამთავრობო მედიის ტელეეთერში.

პუტინი აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების დროს ტრამპის მიერ ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებულ კომენტარს გამოეხმაურა. პირველი დებატების დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰანტერ ბაიდენმა ქონება უკრაინაში, ჩინეთსა და მოსკოვში არაეთიკური ხერხებით დააგროვა. ამ ბრალდებების დამადასტურებელი ოფიციალური სამხილები არ გამოვლენილა. ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა ჯო ბაიდენმა.

პუტინმა თქვა, რომ რუსეთი აშშ-ს ნებისმიერ ლიდერთან ითანამშრომლებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს "მკაცრი ანტირუსული რიტორიკა" ჰქონდა. 

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების დასკვნის თანახმად, რუსეთმა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ სცადა ჩარევა. ბრალდებას უარყოფს რუსეთი. რუსეთი ასევე უარყოფს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებს.

ჯო ბაიდენის 49 წლის ვაჟი ჰანტერი იურისტი და ლობისტია. 2014-2019 წლებში ის უკრაინული ბუნებრივი აირის, კომპანია Burisma-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

იმ პერიოდში, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიკტორ შოკინმა კომპანიისა და მისი დამფუძნებლის, მიკოლა ზლოჩევსკის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2016 წელს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მის გათავისუფლებას ხელი ჯო ბაიდენმაც შეუწყო და ეს საჯაროდაც განუცხადებია. ბაიდენს მიაჩნდა, რომ შოკინი საკმარისს არ აკეთებდა კორუფციასთან საბრძოლველად. 

მიუხედავად იმისა, რომ მის გათავისუფლებას მხარს სხვა დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერდნენ, ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბაიდენმა ეს მისი შვილის დასაცავად გააკეთა.

ბაიდენმა ისიც თქვა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეჩერებით დაემუქრა, თუ შოკინს, რომელიც იმ პერიოდში ბურისმას საქმეს იძიებდა, თანამდებობიდან არ გაათავისუფლებდნენ.

“მე ვთქვი, თქვენ ვერ მიიღებთ მილიარდს. მე აქაურობას დავტოვებ, დაახლოებით, 6 საათში. შევხედე მათ და ვთქვი - “მე მივდივარ 6 საათში. თუ პროკურორი გათავისუფლებული არ იქნება, თქვენ ფულს ვერ მიიღებთ." "ის გაათავისუფლეს”. – ასე იხსენებს ბაიდენი საკუთარ როლს შოკინის გადაყენების საქმეში.

მიმდინარე წლის მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ბურისმას საქმიანობაზე გამოძიება კვლავ გრძელდება და გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ წარსულ საქმეებსაც გადახედავს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი არ არსებობს და შესაძლო კორუფცია, რომელსაც ამჟამად იძიებენ კომპანიაში, ჰანტერ ბაიდენის მისვლამდე მოხდა. პროკურორის ოფისში ამბობენ, რომ ძველი საქმეების გადახედვის მიზეზი წინა მთავრობის დროს ზლოჩევსკის მინისტრის პოსტზე ყოფნაა, რის გამოც, შესაძლოა, გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.

კომენტარები