ლიტვა

ლიტვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ინგრიდა შიმონტე

 

ლიტვაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ - სამშობლოს კავშირმა გაიმარჯვა. სამშობლოს კავშირი ლიდერობდა არჩევნების პირველ ტურშიც, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართა.

ორივე ტურის შედეგებით, სამშობლოს კავშირი პარლამენტის 141 მანდატიდან 50-ს მიიღებს. პრემიერმინისტრის საულიუს სკვერნიალისის ფერმერთა და მწვანეთა პარტია მეორე ადგილზე გავიდა და 32 მანდატი მოიპოვა. 13-13 მანდატი მოიპოვეს სოციალ-დემოკრატებმა და ლიბერალურმა მოძრაობამ.

სამშობლოს კავშირის ლიდერის, ინგრიდა შიმონიტეს წინაშე ახლა საპარლამენტო კოალიციის შექმნის გამოწვევა დგას. ექსპერტების აზრით, სამშობლოს კავშირი კოალიციას შექმნის ლიბერალურ მოძრაობასა და პარტია თავისუფლებასთან. პარტია თავისუფლებამ 11 მანდატი მოიპოვა.

ახალი მთავრობის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი სირთულეები იქნება.

ინგრიტა შიმონიტე 2009-2012 წლებში ლიტვის ეკონომიკის მინისტრი იყო. მისი მინისტრობის პერიოდში ლიტვას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან უწევდა გამკლავება. მისი ბიუჯეტის დაზოგვაზე ორიენტირებული პოლიტიკა მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობდა და სამშობლოს კავშირის მხარდაჭერა შემცირდა.

თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ, პანდემიასთან დაკავშირებულმა უმუშევრობის დონის ზრდამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსახლეობაში სამთავრობო კოალიციის კრიტიკა გამოიწვია.

ლიტველების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება პანდემიით შექმნილ გამოწვევებს. უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც თებერვალში 7% იყო, ოქტომბრისთვის 14%-მდე გაიზარდა.

მმართველი კოალიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლიტვამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა პანდემია. ქვეყანაში სულ ინფექციის 10 949 გამოვლენილი შემთხვევაა, დაიღუპა 136 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ამომრჩევლებს მოუწოდეს, ხმის მისაცემად საკუთარი კალმებით მისულიყვნენ.

 

კომენტარები