ბელარუსი

ბელარუსის ანტისამთავრობო აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს [VIDEO]

26 ოქტომბერს ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცველებმა 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ სამართალდამცავები მომიტინგის დაკავებას.

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

გაფიცვას შეუერთდნენ სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები. გაფიცულებმა დაწესებულებების ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყვეს, ზოგიერთი თანამშრომელი უბრალოდ არ მივიდა სამსახურში. სახელმწიფო დაწესებულებებთან შენიშნეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანები. ბევრ კომპანიაში ოფიციალურად ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ. გაფიცვას შეუერთდა სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომელიც. ბელარუსის უნივერსიტეტების სტუდენტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ზოგიერთ უნივერსიტეტში მჯდომარე პროტესტის აქცია გაიმართა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები