ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა

როგორი იყო ოცნების საგარეო პოლიტიკა და რას გვპირდებიან წინასაარჩევნოდ

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

ქართული ოცნების წინასაარჩევნო საგარეო პროგრამის გაცნობა არჩევნებამდე მხოლოდ 5 დღით ადრე შევძელით. დოკუმენტი ძირითადად მთავრობის მიღწევებს ჩამოთვლის. თვალშისაცემია, რომ ამავე ჩამონათვალში მთავრობა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას მიიწერს - მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური ანბანის რიგითობის დამსახურებაა.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობაც მათ მიღწევადაა მითვლილი, თუმცა, საჭირო გახდა ათობით მწერლის, გამომცემლისა და მთარგმნელის მთავრობისადმი მოწოდებები, იმისთვის, რომ ფესტივალისათვის მოსამზადებელი პროცესი არ შეფერხებულიყო.

“ქართული ოცნების ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით. 2013-2014 წლებში ვანუატუმ და ტუვალუმ გააუქმეს გადაწყვეტილებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ”. - გვამცნობს ვიდეო, რომელიც პროგრამას თან ერთვის.

პროგრამის წარდგენისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მმართველი გუნდის მიღწევად 8 წლიანი ციკლის ომის გარეშე გავლა დაასახელა. მას არ უხსენებია მცოცავი ოკუპაცია და ის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპანტმა  ე.წ. საზღვრის გადმოწევის გზით მისი გუნდის მმართველობის დროს მიიტაცა. მინისტრი საზღვრების მნიშვნელობასაც შეეხო, - თუმცა არა ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთით.

“აუცილებელია ქვეყნის საზღვრების დადგენა, რადგან სახელმწიფოებრიობა, სამშობლო იწყება საზღვრიდან”. - თქვა ზალკალიანმა და დაამატა, რომ ქართულ ოცნებას “მძიმე მემკვიდრეობა” ერგო.

რეგიონული პოლიტიკის გამო ქართული ოცნება წინა ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა.

“ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი კავკასიური პოლიტიკა. რეგიონალურ ლიდერობასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამაღიზიანებელი ტრაბახის სახე მიიღო… დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია”. - ნათქვამია 2012 წლის პროგრამაში.

სალომე ზურაბიშვილი დავითგარეჯაში

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში აზერბაიჯანთან არსებული საზღვრის საკითხი ორჯერ გააქტიურდა: პირველად, გასულ წელს, როცა 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ ამავე წლის 27 თებერვალს ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქართული ოცნების მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ილჰამ ალიევთან საზღვრის საკითხის მოგვარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიას მუშაობის განახლების მითითება მისცეს.

26 მაისს, მას შემდეგ, რაც დავითგარეჯაში სიტუაცია დაიძაბა, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს საკითხი მან წამოწია, "რასაც, შესაძლოა, მოჰყვა გარკვეული შედეგები".

მეორედ, დავითგარეჯას საკითხი ხელისუფლებამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე წამოსწია. დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და ამავე კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა. მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა დაკავებულებს "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას" ედავება. 

რესპექტაბელური არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობამ საქმის შეფასებისას “საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევა” და საქმეში “რუსეთთან დაკავშირებული პირები” ახსენა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ - როგორია დავითგარეჯის საქმის ანატომია და სად გადის საქმის ნაკერები

საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საქმის წამოწევა დროში ემთხვევა, არა მხოლოდ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს, არამედ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებასაც. ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში, შეთავაზების მიუხედავად, საქართველო მოლაპარაკებების ხელშემწყობის როლს ვერ თამაშობს.

თუმცა, მიმდინარე არჩევნებზე ქართული ოცნების მთავარი დაპირება არა საზღვრების დადგენა, არამედ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა.

“ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და ქართულმა ოცნებამ ისტორიული განაცხადი გააკეთა. ჩვენ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე”. - თქვა ზალკალიანმა.

ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ცენტრალური ადგილი ეთმობოდა ხელისუფლების წინა პროგრამებშიც, თუმცა, ამავდროულად, ხაზგასმული იყო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობა.

“საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება”. - ვკითხულობთ ოცნების 2012 წლის პროგრამაში.

2012 წლის პროგრამაში ქართული ოცნება საუბრობდა ევროკავშირთან ასოცირებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირობების შესრულებაზე. მართლაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ გააგრძელეს ამ საკითხებზე დაწყებული მუშაობა, რაც საბოლოოდ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით და ვიზალიბერალიზაციის მიღებით დასრულდა. 2013 და 2016 წლებში, არჩევნების დასრულების შემდეგ, პარლამენტმა მიიღო რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ევროატლანტიკურ კურსს განსაზღვრავს.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ფოტო: რადიო თავისუფლება

პარალელურად, შეიქმნა რუსეთთან დიალოგის ფორმატი კარასინისა და აბაშიძის შეხვედრების სახით, თუმცა, ამას რეალური შედეგი არ გამოუღია. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რუსეთი აგრძელებდა მცოცავ ოკუპაციას, ოკუპანტებმა გაიტაცეს და მოკლეს არაერთი ადამიანი. 2018 წელს ოპოზიციის ინიციატივით შეიქმნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. საქართველოს მთავრობამ სიაში სულ 33 პირი შეიყვანა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე, ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან. მას შემდეგ სია არ გაზრდილა. სიას მხარი დაუჭირა აშშ-ს კონგრესმა, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შავ სიაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესული ადამიანები შეიყვანონ, ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

ახლო აღმოსავლეთში გავლენების გაძლიერების პირობებში რუსეთმა ასადის რეჟიმისათვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, სირიის დიქტატორისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მიიღო. მიმდინარე თვეს სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩო გაიხსნა. საქართველომ პასუხად სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საჰაერო სივრცე დაუხურა. მანამდე ამ სივრცით სირიული ავიახაზები სარგებლობდა, რომელსაც, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთიდან დაქირავებული მებრძოლები გადაჰყავდა.

გასულ წელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს სამიტის ფარგლებში სერგეი ლავროვსაც შეხვდა. ისინი მოლაპარაკებების უკვე არსებულ ფორმატში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, რომელიც ოქტომბერში იყო დაგეგმილი, რუსეთის დაუსწრებლობის გამო ჩაიშალა.

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

“მოსკოვთან ორმხრივი დიალოგის შედეგად, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში. 2013-2016 წლებში საქართველოს ექსპორტმა რუსეთში ასობით მილიონი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი მოგება ნახეს ქართულმა სატრანსპორტო კომპანიებმა. ორმხრივი დიალოგის ფორმატში შევძელით ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთში იხდიდნენ მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით. 2016 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის. გაიზარდა საქართველოში რუსეთიდან ტურისტთა რაოდენობა”. - გვამცნობდა 2016 წელს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა.

მათ მიერ არჩეული კურსის მიუხედავად, რომელსაც რუსეთი სიტყვიერად მხარს უჭერს, გრძელდება საქართველოზე კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელებაც, მათ შორის, სამიზნეა ლუგარის ლაბორატორია. გავრილოვის ღამის შემდეგ კი პუტინმა საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა და ამ დრომდე არ აღდგენილა. რუსეთი კვლავ აფინანსებს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობებს, ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, და მიმდინარე წელს, “კავკასია 2020”-ის ფარგლებში სამხედრო წვრთნები ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. 

ქართული ოცნების ლიდერებმა, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა, ერთხმად დაგმეს ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა. თუმცა, ამავე პირებმა მკაცრი განცხადებებისგან თავი შეიკავეს, როცა გაბუნიას ჩეჩნეთის ლიდერი დაემუქრა და მალევე, მისი მკვლელობის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი დააკავეს.

არჩეული პოლიტიკის მიუხედავად, ურთიერთობების ნორმალიზების სამთავრობო გეგმა არ ჭრის, რუსეთი კი კვლავ საქართველოს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებსა და განცხადებებში.

ფოტო: ტვ. პირველი

გასულ წელს საქართველოს პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, მოთხოვნებს - დაპირება, დაპირებას კი - “გადაგდება”. ეს მძიმედ მიიღეს იქ, საითაც ოცნების პროგრამის მიხედვით, მივისწრაფვით - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ პერიოდში საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა და არაერთმა ევროპარლამენტარმა საქართველოს მთავრობა მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ევროპარლამენტარები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში, რის შედეგადაც მივიღეთ თითქმის პროპორციული არჩევნები.

თუმცა, ამით დასავლეთის მხრიდან ოცნების კრიტიკა არ შეწყვეტილა. საქმე ისაა, რომ ევროპარლამენტარებს სახარბიელოდ არ მიაჩნიათ, არა მხოლოდ დაპირების შეუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების, ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნის და სხვა საკითხებიც.

ასოცირების შეთანხმების ბოლო ანგარიშში, ისევე, როგორც ევროპარლამენტარების გამოსვლებში ქართული ოცნების ხელისუფლება გაკრიტიკებულია იმავე საკითხებში, რასაც ოცნება წინა ხელისუფლებას უწუნებდა.

“ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ისეთი მთავარი პრინციპები, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, მედიის დამოუკიდებლობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, გამოხატვის თავისუფლება, ლოიალურობა განსხვავებული აზრის მიმართ. დემოკრატიული ინსტიტუტების აშკარა სისუსტემ განაპირობა ავტორიტარული მართვის სტილზე გადასვლა. საქართველომ დაკარგა პოზიციები ევროპულ ასპარეზზე და მასთან ინტეგრაციის ტემპი”. - ამონარიდი ოცნების 2012 წლის პროგრამიდან.

ეს კი 2020 წელს ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შეტანილი და დამტკიცებული შესწორებებია:

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ და ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პირდაპირ გვითხრა, რომ ნაკლები დემოკრატია ნაკლებ ინტეგრაციას ნიშნავს და ხელისუფლება გააფრთხილა, რომ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით ის “რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც”.

მიუხედავად ამისა, ზალკალიანმა 2020 წლის პროგრამის წარდგენისას კვლავ წინა ხელისუფლების მიერ დაკარგულ საერთაშორისო ნდობაზე გაამახვილა ყურადღება. “ქართული ოცნების გუნდს დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართაც საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული”. - თქვა მან.

საქართველოს კიდევ ერთი მთავარი პარტნიორი, აშშ, კვლავ აგრძელებდა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, აფინანსებს სხვადასხვა პროგრამას საქართველოში და თანამშრომლობს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროების განვითარებაში. ეს აღნიშნულია ქართული ოცნების საგარეო პროგრამაში, თუმცა არ არის ნათქვამი, რომ ბოლო წლებში მათ აშშ-საგან კიდევ უფრო მკაცრი შეფასებები მიიღეს, ვიდრე ევროკავშირისაგან.

მიუხედავად ოცნების დელეგაციების ვიზიტების და ახსნა-განმარტებებისა, კონგრესმენებმა მთავრობას არაერთი კრიტიკული წერილი გამოუგზავნეს, შემდეგ კი ეს კრიტიკა საგარეო ოპერაციების კანონპროექტშიც აისახა.

კანონპროექტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა და ახლა სენატში განხილვას ელოდება, ნათქვამია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით, არანაკლებ, 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა, ასევე გაწერილია დახმარების მიღების წინაპირობებიც. კონკრეტულად კი ნათქვამია, რომ ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ($88 025 000) 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა, შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, სანამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

ფოტო: Time

საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შედგენილ კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტში კი ნათქვამია:

"სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ჩარევისგან გათავისუფლების, გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვისა და მთავრობის ფუნქციონირებაში, კანონისა და რეგულაციების გავრცელებაში ოლიგარქის არაფორმალური გავლენის შეზღუდვის მიმართულებით."

აღსანიშნავია, რომ წარსულში აშშ-მ საქართველოს დახმარება 2003 წლის არჩევნების წინ შეუმცირა, როდესაც მიზეზად რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების ტემპის შემცირება დასახელდა.

“2016 წელს საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს”. - ნათქვამი იყო ოცნების 2016 წლის პროგრამაში. ამ სფეროებში აშშ-სთან პარტნიორობაზე გაამახვილეს ყურადღება 2020 წლის პროგრამის წარდგენისასაც.

მიმდინარე წელს აშშ-ს კონგრესმა კენჭი უყარა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელშიც შესწორება დაარეგისტრირა, თუმცა განხილვაზე არ გაუტანია სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა. შესწორებაში საუბარი იყო 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, პოლიტპატიმრებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, ეკონომიკურ და სასამართლო რეფორმებზე და არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე.

ფოტო: Bloomberg.com

"სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარებაში”. - ნათქვამი იყო შესწორებაში.

აქტი შესწორების გარეშე მიიღეს, თუმცა მასზე მუშაობა კვლავ გრძელდება, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა კი მოგვიწოდა სერიოზულად მოვეკიდოთ სენატორების გზავნილებს.

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდის ბოლოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა კორონავირუსის პანდემიამ. ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხი ამ სტატიის თემას სცდება, თუმცა უნდა აღინიშნოს საზღვრების ჩაკეტვა-გახსნასთან დაკავშირებული პოლიტიკა. გაზაფხულზე საზღვრების ჩაკეტვის და ფრენების გაუქმების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირმა მწვანე ქვეყნების სიაში შეიყვანა, რეგულარული ფრენები არ აღმდგარა. შედეგად ქუთაისში არსებული ბაზა დახურა WizzAir-მა. საქართველოს ეს გადაწყვეტილება გასაკვირი აღმოჩნდა იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც ჩვენს მოქალაქეებს საზღვრები უპირობოდ გაუხსნეს. მოგვიანებით მთავრობამ ეს ზომები შეარბილა და დაინიშნა შეზღუდული რაოდენობის ფრენები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ამ დროისათვის საქართველომ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის გამო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაკარგა.

ეს ქართულ ოცნებას საგარეო პროგრამის წარდგენისას არ უხსენებია, თუმცა კორონავირუსთან გამკლავება წარმატებად ჩაითვალა, რადგან სპეციალური რეისების დანიშვნა და საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება შეძლო. ამ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული და სამუშაო ადგილი სწორედ პანდემიის გამო დაკარგეს. ამ დროს კი ქართულმა ოცნებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესთავაზა საქართველოდან, როგორც უსაფრთხო ქვეყნიდან დისტანციურად ემუშავათ და როგორც პრემიერმინისტრმა თქვა 200-ზე მეტი განაცხადიც მიიღო.

კრიტიკაზე ქართული ოცნების ლიდერების პასუხი ძირითადად კრიტიკოსებისათვის მოსყიდულების ან ნაციონალური მოძრაობის წევრების წოდებაა. ისინი მოგვიწოდებენ კონკრეტული კომენტარების ნაცვლად მთლიან სურათს შევხედოთ და თუ მთლიანი სურათიც არ მოგვეწონა, გვახსოვდეს ქართული ოცნების საგარეო მდივნის, კახა კუჭავას სიტყვები: “დემოკრატია დანიშნულების ადგილი არაა, ის მოგზაურობაა.”

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები