ბელარუსი

პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა ბელარუსი დატოვა, მისი გათავისუფლება პომპეომ მოითხოვა

ვიტალი შკლიაროვი
PRI

პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა, რომელიც ივლისში დააპატიმრეს, ბელარუსი დატოვა. მისი ადვოკატის თანახმად, შკლიაროვს უფლება მისცეს დროებით დაეტოვებინა ქვეყანა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მასთან დაკავშირებული გამოძიება არ შეწყვეტილა და როგორც ადვოკატის აღნიშნავს, შკლიაროვი უახლოეს მომავალში დაბრუნდება ბელარუსში.

ვიტალი შკლიაროვი აშშ-ს მოქალაქეა. 24 ოქტომბერს, ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარში, მისი გათავისუფლების საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განიხილა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, პომპეომ "უსამართლოდ დაპატიმრებული აშშ-ს მოქალაქის" დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ვიტალი შკლაიაროვი ბელარუსში 29 ივლისს დააპატიმრეს. სამართალდამცველების თანახმად ის დაპატიმრებული ბელარუსი ოპოზიციონერის სერგეი ტიხანოვსკისთან თანამშრომლობდა. შკლიაროვი ბრალს უარყოფს. 10 ოქტომბერს ბელარუსის КГБ-ს საგამოძიებო იზოლატორში ალექსანდრ ლუკაშენკოსა დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვედრას ვიტალი შკლიაროვიც ესწრებოდა. და19 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შკლიაროვი საპატიმროდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ვიტალი შკლიაროვი აშშ-ში ცხოვრობს. ის ბელარუსის ქალაქ გომელში დაიბადა. შკლიაროვი ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. 2012 წელს, როდესაც ბარაკ ობამა მეორედ იყრიდა კენჭს, ის მოხალისედ იყო ჩართული ობამას საპრეზიდენტო კამპანიაში, ხოლო 2016 წელს შკლიაროვი ოფიციალურად მუშაობდა საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაზე.

რუსეთში მუნიციპალური არჩევნების დროს შკლიაროვი ხელმძღვანელობდა დმიტრი გუდკოვსკის საარჩევნო კამპანიას, ხოლო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის მუშაობდა ქსენია სობჩაკთან.

2018 წელს ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ჩამოვიდა და მონაწილეობას იღებდა გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიის დაგეგმვაში. ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში ის პირველივე ტურიდან იყო ჩართული.

კომენტარები