COVID 19

კვლევა: Covid-19-ის გავლენა შემეცნებაზე ზოგიერთ პაციენტში 10 წლით დაბერების ტოლფასია

სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19-ს გავლენა აქვს ტვინის ფუნქციონირებაზე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შემეცნებითი გაუარესება ტვინის 10 წლით დაბერების ტოლფასი იყო. კვლევა, რომელსაც რეცენზირება ჯერ არ გაუვლია, 84 000 ადამიანზე ჩაატარა ლონდონის იმპერიული კოლეჯის ექიმმა, ადამ ჰემპშირმა.

ამ კვლევის თანახმად, კორონავირუსი კოგნიტურ დეფიციტებთან დაავადების გადატანის შემდეგ თვეების განმავლობაშია ასოცირებული. 

"ჩვენი ანალიზები ადასტურებს შეხედულებას, რომ Covid-19-ს ქრონიკული კოგნიტური შედეგები აქვს. ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ და აღარ აქვთ სიმპტომები, ავლენენ მნიშვნელოვან კოგნიტურ დეფიციტებს". – წერენ მკვლევრები. 

კოგნიტური ტესტები ზომავს, თუ რამდენად კარგად ასრულებს ტვინი სხვადასხვა დავალებებს (სიტყვების დამახსოვრება, თავსატეხების ამოხსნა და ა.შ). ასეთი ტესტები ფართოდ გამოიყენება ტვინის კოგნიტური უნარების შესაფასებლად ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. 

კოგნიტური დეფიციტები განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ადამიანებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ და ყველაზე ცუდ შეთხვევაში, 10 წლიდან 70 წლამდე ასაკის ფარგლებში, 10 წლით დაბერების ტოლფასი იყო. 

თუმცა, მეცნიერები, რომლებიც პირდაპირ ამ კვლევაში არ ყოფილან ჩართულები, ამბობენ, რომ კვლევის შედეგებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. 

"პაციენტების კოგნიტური ფუნქციონირება კორონავირუსის გადატანამდე არ იყო ცნობილი და ეს შედეგები არ მეტყველებს გრძელვადიან მდგომარეობაზე, ნებისმიერი გავლენა შემეცნებაზე შესაძლოა, მოკლევადიანი იყოს". –ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის გამოყენებითი ნეიროგამოსახვითი ტექნოლოგიების პროფესორი, ჯოანა ვარდლოუ. 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი, დერეკ ჰილი აღნიშნავს, რომ კვლევის მიგნებები არ შეიძლება, ბოლომდე სანდო იყოს, რადგან მკვლევრებს არ შეუდარებიათ ქულები. "საერთო ჯამში, ესაა საინტერესო, მაგრამ არასაკმარისი კვლევა ტვინზე COVID-ის გავლენის შესახებ". – ამბობს ჰილი. 

კომენტარები