საფრანგეთი-თურქეთი

თურქეთი ერდოღანის ფრანგული კარიკატურის გამო სამართლებრივ, დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

28 ოქტომბერს თურქეთის კომუნიკაციის დირექციაში განაცხადეს, რომ თურქეთი ყველა სამართლებრივ და დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს ფრანგულ სატირულ ჟურნალ შარლი ებდოში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნების საპასუხოდ. 

"ჩვენ ხალხს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ კარიკატურის წინააღმდეგ ყველა საჭირო დიპლომატიური და სამართლებრივი ნაბიჯი გადაიდგმება". – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, თურქეთის სახელმწიფი მედიის ინფორმაციით, თურქმა პროკურორებმა შარლი ებდოს აღმასრულებელი პირების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. 

კარიკატურა დაგმეს თურქეთის მაღალი რანგის პირებმა და ეს შეაფასეს, როგორც "კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების ამაზრზენი მცდელობები". 

"მტკიცედ ვგმობთ ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ფრანგულ ჟურნალში, რომელიც არ სცემს პატივს არც ერთ რწმენას, სიწმინდესა და ფასეულობას... ისინი აჩვენებენ საკუთარ ვულგარულობასა და ამორალურობას. პირად უფლებებზე თავდასხმა არ არის იუმორი და სიტყვის თავისუფლება". – დაწერა პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა, Twitter-ზე.

ბოლო პერიოდში თურქეთსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა. ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ფრანგული პროდუქციისთვის. ერდოღანის პოზიცია დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფრანგ მასწავლებელს, სამუელ პატის, მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.

"ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ". – თქვა მაკრონმა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ერდოღანმა მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა მაკრონის ისლამთან დაკავშირებული პოზიციის გამო თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. ერდოღანის კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო.

კომენტარები