არჩევნები 2020

კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მხრიდან შეიარაღებულ ამბოხზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამისთვის ემზადება ოპოზიცია. არგუმენტად კი აიპიემისთვის დაკვეთილი კვლევა მოჰყავს.

კობახიძის თქმით, კვლევის ანკეტაში არის კითხვა: პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. კობახიძის ცნობით კი, აღნიშნული კითხვის პასუხებში მოქალაქეებს შეუძლიათ, აირჩიონ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება, შიმშილობა, სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

"ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. ესაა სრულიად გამაოგნებელი ფაქტი". – ამბობს ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე კობახიძის თქმით, პარტიაში აქვთ ინფორმაცია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ რევოლუციური შტაბი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ამ შტაბის მიზანს კი, კობახიძის მტკიცებით, მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება წარმოადგენს.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები