ტაივანი

ტაივანში უკვე 200 დღეა, რაც COVID-19-ის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა

ტაივანში უკვე მე-200 დღეა, რაც ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა.

იანვრიდან ამ დრომდე 23-მილიონიან ტაივანში ახალი კორონავირუსის სულ 553 შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 7 ადამიანი. აქედან 461 შემთხვევა შეტანილია, ასევე რამდენიმე თვის წინ გემის ეკიპაჟის 36 წევრს დაუდასტურდა ვირუსი. 513 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ტაივანში COVID-19-ის შიდა გადაცემა ბოლოს 12 აპრილს დადასტურდა.

ამ საქმეში გათვითცნობიერებული პირები მიიჩნევენ, რომ მკაცრად რეგულირებულმა მოგზაურობებმა, საზღვრების ადრე ჩაკეტვამ, პირბადეების საყოველთაო გამოყენებამ, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების აქტიურად ძიებამ, კარანტინის ზომებმა და წარსულში SARS-ის ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებამ განაპირობა ტაივანში ეს შედეგი. 

ტაივანში ვირუსის მეორე ტალღა არ ყოფილა. 

ავსტრალიის ნაციონალური უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის თქმით, ტაივანს "სავარაუდოდ, საუკეთესო შედეგი აქვს მთელ მსოფლიოში". 

ტაივანი ასევე იმ რამდენიმე ეკონომიკას შორისაა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 1.56%-ით ვარაუდობენ. 

ტაივანის ყოფილი ვიცეპრემიერის და ეპიდემიოლოგის ჩენ ჩიენძენის თქმით, ტაივანის გამოცდილებიდან ქვეყნებს შეუძლიათ ისწავლონ ის, რომ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიების და შემდეგ კარანტინის გარეშე არაფერი გამოვა. 

ტაივანში კარანტინის დარღვევებისთვის ჯარიმა 35 000 აშშ დოლარია. 

ასევე, ვირუსის გავრცელებიდან მალევე, ტაივანმა ქვეყანაში ნაწარმოები პირბადეების ექსპორტი დროებით აკრძალა და 4 თვეში დღეში 2 მილიონი პირბადის წარმოებიდან ერთ დღეში 20 მილიონი პირბადის წარმოება შეძლეს. მაშინ, როდესაც ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა ტაივანმა პირბადეები პარტნიორ ქვეყნებს გაუგზავნა. 

ტაივანში თითო დადასტურებულ შემთხვევაზე საშუალოდ 20-დან 30-მდე კონტაქტს აკავშირებენ და მათ თვითიზოლაციაში უშვებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტაქტს ვირუსი არ აღმოაჩნდება, 14-დღიანი კარანტინის გავლა მას მაინც უწევს. 

ამ დრომდე, ტაივანში დაახლოებით 340 000-მა ადამიანმა გაიარა თვითიზოლაცია, აქედან ათასმა კარანტინი დაარღვია, რაც იმას ნიშნავს, რომ 99.7%-მა კარანტინი სრულიად გაიარა. 

"ჩვენ 340 000 ადამიანის 14 დღე შევწირეთ 23 მილიონი ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას". - განაცხადა ჩენმა

დამატებით, ტაივანელ საზოგადოებას SARS-ის და H1N1-ის გამოცდილების შემდეგ აქვს დაავადებასთან ბრძოლის ისეთი ჩვევები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა.

აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბერს, როდესაც მსოფლიოში ახალ კორონავირუსზე თითქმის არავინ იცოდა, ტაივანმა ონლაინ წყაროებიდან გაიგო ჩინეთში მწვავე ატიპიური პნევმონიის შემთხვევების შესახებ. ტაივანი შეეცადა, რომ ამის შესახებ მსოფლიოსთვის პირველს ეცნობებინა. მათ 31 დეკემბერს გააფრთხილეს ჯანმო ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საშიშროებაზე, თუმცა ჯანმო-მ ეს არ გაითვალისწინა. ტაივანი ჩინეთისგან და ჯანმო-სგან არ დაელოდა ოფიციალურ ინფორმაციას და მალევე დაიწყო მოქმედება.   

ვირუსთან ბრძოლაში ტაივანის ამ წარმატების ფონზეც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის ზეწოლის გამო, ტაივანს ორგანიზაციაში არ იღებს. შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს.

კომენტარები