ახალი კორონავირუსი საქართველოში

დაგვიანებული სასწრაფო და არასაკმარისი საწოლები — როგორ მართავს ვირუსს მთავრობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. მთავრობა ამბობს, რომ სიტუაციას მართავს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ინფიცირების მატებას ჯანდაცვის სექტორი სრულად ვერ აკონტროლებს. ინფიცირებული პაციენტების ახლობლები ჰყვებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს კლინიკები არასაკმარისი ადგილების გამო არ იღებენ, ზოგის თქმით კი, სიცხიანი პაციენტი გამოძახებულ სასწრაფოს 3-4 დღე ელოდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ, თუკი პაციენტის სიცოცხლეს ექიმს აბარებენ,  მისცენ მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება და „ამბავს ნუ ტეხენ“. მანვე დასძინა, რომ ექიმმა იცის, როდის მიიღოს დროული გადაწყვეტილება და როდის რა ნაბიჯი გადადგას.

ასევე, ჯანდაცვის მინისტრმა პრეტენზიებს სასწრაფო დახმარების არაოპერატიულობასთან დაკავშირებით არაკორექტული უწოდა და თქვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს 2-დან 3 საათამდე დაყოვნება აქვთ, ეს კი პანდემიის პირობებში სრულიად ნორმალურია.

59 წლის ინფიცირებულის შვილი, სალომე ბერიძე ტაბულასთან ჰყვება, რომ მამამისი ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღო, მანამდე კი ეუბნებოდნენ, რომ ადგილები არ ჰქონდათ.  როგორც ის ამბობს, პაციენტის  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი ბათუმიდან თბილისში გადმოყვანა კი უკვე დაგვიანებულია, რადგან არასაკმარისი ადგილების გამო მას მიღებაზე უარი რამდენიმე კლინიკამ უთხრა.  

„ახლა, ამ ეტაპზე ბოლო გამოსავალი თბილისში გადმოყვანაა, მაგრამ გზას ვერ გაუძლებს, აპარატიდან როგორც კი გამოაერთეს, სისხლდენა დაეწყო. ყველგან ვითხოვ დახმარებას. მამაჩემს სხვა დაავადებებიც აქვს. 5 დღის განმავლობაში გრძნობდა თავს ცუდად, კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა გრძნობდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, ჰქონდა დიარეა, გამოვიძახეთ სასწრაფო საღამოს 6 საათზე, რომელიც 11 საათის დაგვიანებით მოვიდა.

მამაჩემს სასწრაფოდ სჭირდებოდა კლინიკაში გადაყვანა, სასწრაფოს თან არ ჰქონია არანაირი აღჭურვილობა, რომ მამა კლინიკაში გადაგვეყვანა. მხოლოდ სასუნთქი აპარატი მისცეს და თან გაგვაფრთხილეს მთავრდებაო. მეზობლების დახმარებით ავადმყოფი კაცი სკამზე მჯდომიარე ჩავიყვანეთ სასწრაფოს მანქანამდე, რადგან საკაცეც კი არ ჰქონდათ“.

ბერიძის ნაამბობით, კლინიკაში ეუბნებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ის რესურსი, რაც პაციენტს სჭირდებოდა, ამიტომ “მზად იყავით, შეიძლება ორგანიზმმა ვერ გაუძლოსო”.

რეფერალურში რომ მიიყვანეს მამა, დედაჩემმა დამირეკა ხელში მაკვდება, ჟანგბადი მთავრდებაო. როგორც კი კლინიკაში მივედი, უკვე ვყვიროდი, მამა მიკვდება, გადამირჩინეთ-მეთქი. ამ დროს, გამოვარდა ექიმი და ენა გააჩუმეო,

წესიერად მოიქეცი, თუ გინდა მამაშენი კარგად იყოსო. რომ დაინახა ტელეფონი ამოვიღე და გადაღება უნდა დამეწყო, მაშინვე დამშვიდება დამიწყო და თურმე უცებ გაჩნდა ადგილიც. გვითხრეს, რომ მამა რეანიმაციულში დააწვინეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მამა რეანიმაციულ განყოფილებაში არ იწვა. ექიმმა დედაჩემს უთხრა, რეანიმაციულში არ გვყავს, რადგან კოვიდი დაუდასტურდა და ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი, რაც ამ კაცს სჭირდება, ამიტომ მზად იყავით, რომ შეიძლება მოკვდესო. უცებ დაუდასტურდა თურმე კორონავირუსი და ამისთვის უნდოდათ ყველაფერი შეეტენათ“.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 20 ოქტომბერს ამბობდა, რომ ქვეყანაში, დაახლოებით, 800-900 თავისუფალი საწოლი იყო.  27 ოქტომბრის მონაცემებით,  საწოლების რაოდენობა, დაახლოებით, 3-ჯერ შემცირდა. როგორც ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ახლა ქვეყანაში თავისუფალი 241 საწოლია.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 18 390 აქტიური შემთხვევაა, მათი ნაწილი მკურნალობას კოვიდ-სასტუმროებსა და ბინებზე გადის, ნაწილი კი კლინიკებში. მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნება სასწრაფო დახმარების ექიმს რამდენიმე დღე ელოდება.

ი.მ. ტაბულასთან ჰყვება, რომ მის 11 წლის შვილს სიცხე რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა, მიუხედავად ამისა, სასწრაფო მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოვიდა.

"3 დღე ყოველდღე ვრეკავდით 112-ში, ვითხოვდით ექიმს, ბავშვს სიცხეები ჰქონდა, უჭირდა სუნთქვა. 3 დღის მერე მოვიდა ექიმი და ბავშვი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა კოვიდი. ბავშვი სახლში გამომატანეს, სადაც მე, ასაკოვანი დედაჩემი და მამაჩემი ვცხოვრობთ. ბავშვთან ერთად დავინფიცირდი მეც. ამ ყველაფერს ფსიქოლოგიური წნეხიც ემატება, მგონია, რომ მე ან ბავშვი ცუდად გავხდებით და ვერ მიშველიან, რადგან სასწრაფო დააგვიანებს“.

კიდევ ერთი ინფიცირებულის შვილი, ბექა კოკაია გვიყვება, რომ მამამისს გულის პრობლემები აქვს, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა წელიწადში რამდენჯერმე სჭირდება ხოლმე. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, სწორედ ის სიმპტომები ჰქონდა, რაც სხვა შემთხვევებში, თუმცა, კლინიკები მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, რადგან პერიოდულად აღენიშნებოდა დაბალი სიცხე. ამის გამო კი ეუბნებოდნენ, რომ სიცხიან პაციენტს ტესტის პასუხის გარეშე ვერ მიიღებდნენ.

მისი თქმით, საჭირო იყო კლინიკა, სადაც ცხელების ცენტრიც ჰქონდათ და კარდიოლოგებიც ჰყავდათ, თუმცა არცერთ მსგავს ცენტრში ადგილი არ მოიძებნენოდა.

„ მივადექით რამდენიმე ცენტრს, სადაც ვიცოდით, რომ ცხელების ცენტრიც იყო და კარდიოლოგებიც ჰყავდათ. ყველგან გვითხრეს, რომ არ აქვთ ადგილები. მართლა არ აქვთ, ბევრ ადამიანს, ვისაც ხელი მიუწვდება გადავამოწმებინე. გამოვიძახე კერძო ლაბორატორია. რომელსაც 3 დღე სრულად ჰქონდა შევსებული, მაგრამ ბევრი თხოვნისა და კარგი მეგობრების წყალობით გამოძებნეს დამატებითი რესურსები და მოვიდნენ სახლში ტესტის ასაღებად.

არც ისე მსუბუქი პაციენტი გვიწევს სახლში, რომელსაც კანონმა საავადმყოფოში დაწოლის უფლება შეუზღუდა“. - ამბობს კოკაია.

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, ვისაც ტემპერატურა 37.7 აქვს, არ შეიძლება ყველა ინფექციურის პალატაში "წამოგორდეს". ის ამბობს, რომ კლინიკებში მხოლოდ ის პაციენტები უნდა იყვნენ, ვისაც ეს ესაჭიროება, დანარჩენებმა კი მკურნალობის კურსი  კოვიდ-სასტუმროებსა და ბინებზე უნდა გაიარონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ კი განმარტა, რომ “მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს”.

თუმცა, 15 ოქტომბერს აჭარაში კორონავირუსით 41 წლის უსიმპტომო პაციენტი გარდაიცვალა. ქალი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, პაციენტი სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კი თრომბოემბოლია დაასახელეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით  1 709 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 20.

ინფექციონისტები და ექიმები ამბობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, თუმცა, არც მთავრობის წევრები და არც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, როგორ აპირებენ ვირუსის მართვას, თუ ეს რიცხვი 4 ან 5 ათასს გაუტოლდება. 

ნიუ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აჭარის ავტონომიური საბჭოს არჩევნებში ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი, ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორი ვირუსის სამართავად მის ხელთ არსებულ რესურსებს ვერ იყენებს. მისი განმარტებით, სწორი ორგანიზების შემთხვევაში, სისტემა სამჯერ მეტი ნაკადის გატარებას შეძლებს.

„სწორი ორგანიზებით სისტემას შეუძლია, რომ დღეს უკვე სამჯერ მეტი ნაკადი გაატაროს.  ორგანიზება ეხება როგორც 112-ს და ოჯახის ექიმს, ისე ჰოსპიტალიზაციას.  112 და ოჯახის ექიმი უნდა იყოს ერთი ქსელი, ოჯახის ექიმი ცოტა დროს უნდა ხარჯავდეს დოკუმენტაციის შესრულებაზე, ისე უნდა იყოს ორგანიზებული, ჰისპიტლების რაოდენობა უნდა გაიზარდოს ნაკადის უკეთ მართვის ხარჯზე, როგორც გადაუდებელ განყოფილებაში, ისე ცხელების ცენტრებში და ისე საკარანტინო სივრცეებში და მესამე, აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე მეტი კონტროლი და, ასევე, აუცილებელია ხელმისაწვდომობის გაზრდა, იმიტომ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არც შეუძლია იმ ადეკვატური რაოდენობის შეძენა, რაც საჭიროა.

სტრუქტურა დღეს ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს. არ არის სისტემა გამართული, ეხლა ხდება 112-ის და ოჯახის ექიმის ერთმანეთთან დაკავშირება. რაც მე ჩამოვთვალე არაფერი გაკეთებული არ არის“. - ამბობს კალოიანი.

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი კი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა, ახლა მთელი პასუხისმგებლობა მოსახლეობაზეა.

„ჩვენ გვაქვს ის რესურსები, რაც გვაქვს. თუ შემთხვევები ხუთი ათასი და მეტი იქნება ამას ევროპის ქვეყნებმა ვერ გაუძლეს და ჩვენ როგორ უნდა გავუძლოთ, ამიტომ არ უნდა გავზარდოთ ეს შემთხვევები, ჩვენ, მოსახლეობამ. უნდა  ვატაროთ ნიღაბი, არ ვიაროთ ხალხმრავალ ადგილებში.

ჯანდაცვის სისტემაში იყო შეცდომები, რომელიც გულისხმობდა ლოჯისტიკურ გამართულობას, ოჯახის ექიმებთან დაკავშირებას, 112-თან, ახლა ეს ყველაფერი მეტნაკლებად გასწორებულია. ამიტომ, რეალურად თუ პაციენტი ბევრი იქნება, ამას ვერცერთი ექიმი და საავადმყოფოს რესურსი ვერ ეყოფა.

გამოსავალი არის, რომ ნიღაბი ვატაროთ და სტუმრად, ქორწილებში არ ვიაროთ. ჩვენზეა პასუხისმგებლობა“.

როგორც დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანა ამ მდგომარეობას გაუძლებს.

არც ჯანდაცვის სექტორში და არც მთავრობაში ტაბულას არ პასუხობენ კითხვაზე, რა არის ის რიცხვი, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვეღარ   გაუძლებს და კოლაფსს გამოიწვევს. მათი თქმით, ჯერჯერობით, მდგომარეობა მართვადია და აღნიშნულზე პასუხი არ აქვთ.

კომენტარები