COVID 19-ით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდანცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა.

"გვქონდა ერთი კვირის წინ ეპიზოდი, როცა პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება, მაშინ გადაარჩინეს ექიმებმა, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე". – თქვა ტიკარაძემ.

15 წლის მოზარდი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობილი 17 ოქტომბერს გახდა.

31 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 22 და გამოჯანმრთელდა 2 881 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 22 691 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 307 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 912 აქტიური შემთხვევაა, 30 ოქტომბერს ეს რიცხვი 17 168იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები