არჩევნები 2020

საპარლამენტო მანდატებზე ლელოც უარს ამბობს

სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ლელო საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე ასევე უარს ამბობს. პარტია არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. 

"ლელო არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რამდენადაც ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისათვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს არცერთ კითხვის ნიშანს". – თქვა პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

ცოტა ხნით ადრე პარლამენტის მანდატებსა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომაც. სხვა პარტიები გადაწყვეტილებას ეტაპობრივად გააჟღერებენ, თუმცა, გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ თუკი სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ პარლამენტში, არც გირჩი შევა.

საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს პროპუტინური პარტია, პატრიოტთა ალიანსიც.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა გამართულიყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები