არჩევნები 2020

პარლამენტში არც სტრატეგია აღმაშენებელი შედის

ტაბულა

ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიის, გირჩის, ენმ-ძალა ერთობაშიას, მოქალაქეებისა და პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარს სტრატეგია აღმაშენებელიც ამბობს. პარტია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს. 

"ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელიც ჩვენმა ისტორიამ წინ დაგვიდო, რაღა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანია სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. 

მე მინდა, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ წინაშე არის ძალიან, ძალიან დიდი გამოწვევა. ან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, ან ჩვენ ვაბარებთ ამ სახელმწიფოს ივანიშვილის რეჟიმს. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არცერთი წამით არ ვაპირებ უკან დავიხიო". – თქვა პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიციური ლიდერის თქმით, პარტია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აქციების ორგანიზებაშიც. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა გამართულიყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები