ბელარუსი

NEXTA-ს შემქმნელს და ყოფილ რედაქტორს ბრალად ედებათ ბელარუსში არეულობის ორგანიზება

The Bell

ტელეგრამის არხების Nexta-ს და Nexta Live-ის დამფუძნებელ სტეფან პუტილოს და ყოფილ აღმასრულებელ რედაქტორს, რომან პროტასევიჩს ბრალად ედებათ "მასობრივი არეულობის ორგანიზება, რაც მინსკში 9 აგვისტოდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება". ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Meduza ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. 

მათ ასევე ბრალად ედებათ მთავრობის პირებისა და სამართალდამცავებისადმი საზოგადოებრივი სიძულვილის გაღვივება.

პუტილო და პროტასევიჩი ბელარუსისა და რუსეთის ძებნილთა სიაში შეიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს რუსეთმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სახელმწიფოთაშორის ძებნილთა სიაში შეიყვანა.

20 ოქტომბერს Telegram-ის ბელარუსული ოპოზიციური არხი Nexta Live და მისი ლოგო ბელარუსის მთავრობამ ექსტრემისტულად გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ Nexta-ს არხებზე წვდომა უნდა შეზღუდოს.

Nexta ბელარუსში ყველაზე ცნობილი ოპოზიციური არხია. მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების დროს, პროტესტის გაშუქებით Nexta-მ ბელარუსში და მის გარეთ ბელარუსში მიმდინარე ამბების დაინტერესებულ პირებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 

Telegram-ში Nexta-ს ორი მთავარი არხი აქვს 1.9 მილიონი და 900 000 გამომწერით. Nexta-ს აქვს ასევე Twitter-ის და Instagram-ის გვერდებიც. Nexta-ს გუნდი ასევე მართავს სატირულ არხს Luxta-ს, რომელსაც 200 000 გამომწერი ჰყავს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

კომენტარები