არჩევნები 2020

კალაძე: არჩევნების მეორე ტურისთვის ვემზადებით, ჩვეულებრივად ჩატარდება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება და ის აუცილებლად ჩატარდება. 

"გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან, პარტიულ წარმომადგენლებთან და მიდის სრული მზაობა, ჩვეულებრივად, მეორე ტური ჩატარდება".- ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, ყველა ხარვეზი უნდა გასწორდეს, სადაც არის "საფუძვლიანი და კანონით განსაზღვრული საჩივარი არასამთავრობოების მხრიდან დაწერილი". კალაძე აღნიშნავს, რომ "მიმდინარეობს ამ კონკრეტული უბნების გადათვლა, სადაც არანაირი ხარვეზი, გარდა პატარა ტექნიკური ხარვეზებისა, არ ყოფილა".

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საბოლოოდ მეორე ტურში მონაწილეობაზე და მანდატებზე უარს იტყვის, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას პოლიტიკური კრიზისის მოლოდინი, კალაძე პასუხობს, რომ "მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა მათი შესვლა პარლამენტში". 

"მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა მხარი ამ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში".- ამბობს კალაძე.  

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე ლაპარაკობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

 

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები