რუსეთი

კრემლი სრულ აბსურდს უწოდებს ცნობებს, რომ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგება

პესკოვი და პუტინი

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ბრიტანული გაზეთის, The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომას გეგმავს:

"ეს სრული აბსურდია. პრეზიდენტს ყველაფერი რიგზე აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია". - თქვა პესკოვმა.

ბრიტანული ტაბლოიდი წერდა, რომ პუტინი მომავალ წელს აპირებს გადადგომას, რადგან პარკინსონის დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა. წყაროდ მათ მოჰყავდათ ბოლო ჩანაწერი, რომელშიც, როგორც The Sun წერს, პუტინს ფეხი უკანკალებდა, სკამს ეჭიდებოდა და თითები ეკრუნჩხებოდა.

რუსეთის დუმაში 5 ნოემბერს დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის ექსპრეზიდენტების იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ, შესაძლოა, გავრცელდეს ნებისმიერ დანაშაულზე, რაც მათ სიცოცხლის განმავლობაში ჩაუდენიათ და არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

მანამდე კი რუსეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლითაც ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადებს გაუნულებს და მეოთხე ვადის დასრულების შემდეგ მას შეეძლება კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

კომენტარები