ბელარუსი

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს

TUT.BY

8 ნოემბერს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ უფლებადამცველმა ცენტრმა, Весна-მ გაავრცელა.

დემონსტრანტების უმეტესობა დედაქალაქში აქციის დარბევის დროს დაიჭირეს. ასევე, ცნობილია დაპატიმრებების ერთეული შემთხვევების შესახებ ბელარუსის სხვა ქალაქებში. 

მინსკში დაკავებულებს შორის არიან სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები, 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ანდრე კრავჩენკო და კონკურსის "მის ბელარუსი 2008" გამარჯვებული, ოლგა ხინჟიკოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები იზოლირებულად აკავებენ დემონსტრანტებს, რაც მათ შეკრების საშუალებას არ აძლევს.

აქციაზე დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი. ქალაქში ასევე შეიზღუდა მობილური სატელეფონო კავშირი და დაკეტილი იყო მეტროს რამდენიმე სადგური.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. რამდენიმე თვიანი პროტესტის განმავლობაში დააპატიმრეს 13 000-ზე მეტი ადამიანი. შედარებით მასობრივი დემონსტრაციები ყოველ კვირა დღეს იმართება.

კომენტარები