ალიევი: ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს, ეს ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებაა

ილჰამ ალიევი
Reuters

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

"დღეს ისტორიული დღეა. მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი დასრულდება."

"ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს განცხადება აღნიშნავს სომხეთის კაპიტულაციას. ეს განცხადება ასრულებს ოკუპაციას, რომელიც მრავალი წელი გრძელდებოდა. ეს განცხადება ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებაა!"

"გამარჯვებამ, რომელსაც მივაღწიეთ, სომხეთი აიძულა დაებრუნებინა აღდამი, ლაჩინი და ქალბაჯარი პოლიტიკური გზით".

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - ნახიჩევანთან კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ეს პუნქტი ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ჩაემატა შეთანხმებაში".

"ამ განცხადებაში არ არის საუბარი მთიანი ყარაბაღის სტატუსზე".

გარდა ამისა, ალიევმა თქვა, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამშვიდობო პროცესებში, თუმცა ეს შეთანხმებაში, რომელსაც ალიევმა და პუტინმა ვიდეოზარის დროს მოაწერეს ხელი, ნახსენები არ არის. ოფიციალურ ანკარას განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ალიევსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა, რა დროსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუს კოლეგას რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების გამო ბოდიში მოუხადა. სამხედრო ვერტმფრენი 9 ნოემბერს, შეთანხმების ხელმოწერამდე ჩამოაგდეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ვერტმფრენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახიჩევანის სექტორში გადაადგილდებოდა, რუსეთში კი განაცხადეს, რომ ის რუსული სამხედრო ძალების კოლონას მიყვებოდა, რომელიც სომხეთში რუსული ბაზისკენ მიემართებოდა.

შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ რუსეთმა უკვე დაიწყო რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება.

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა, ერევანში მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ისინი პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები