კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე შეზღუდვებზე: გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ შეიძლება, ვერ გაიგოს, რატოა აუცილებელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"მე მესმის, გაუთვითცნობიერებელმა მოქალაქემ შეიძლება, ვერ გაიგოს ღამე რატომ არის აუცილებელი მოძრაობის შეზღუდვა ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, როგორიც დღეს არის მოქმედი საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი ეფუძნება მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, მაესტროს ეთერში.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც ახლა საქართველოშია დაწესებული, მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს.  

"მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული იყო მკაფიოდ, რომ ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც ახლა არის ჩვენთან, დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში გამრავლების სისწრაფეს ამცირებს საკმაოდ მნიშვნელოვნად, თითქმის ნახევრამდე, თუ ეს არის ორი კვირის მანძილზე, ნახევარზე მეტს. ეს ძალიან მნიშნველოვანია, იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა.

ეს არის უბრალოდ ადამიანებს შორის არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება. ეს აზრი არის ყველა ამ შეზღუდვაში". – ამბობს იმნაძე. 

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1.

11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსის 16 158 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები