ბელარუსი

ბელარუსში ბანკებს დაზარალებული დემონსტრანტებისთვის შეწირული თანხის ჩამორთმევა მოსთხოვეს

TUT.BY

ბელარუსში ხელისუფლებამ ბანკებს მოსთხოვა, გაეყინათ საბანკო ტრანზაქციები და ანგარიშები, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო დაზარალებული ადამიანებისთვის შემოწირულობის მისაღებად იყო განკუთვნილი.

თანხა განკუთვნილი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაზარალდნენ ან პოლიციამ დააჯარიმა.

ლონდონში მცხოვრები ბელარუსი ანდრეი ლეონჩიკის ჩამოყალიბებულმა ფონდმა BY_help-მა აგვისტოს შემდეგ 2 მილიონი ფუნტის შეგროვება შეძლო. სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ ფონდმა სხვადასხვა ადამიანებს მცირე ფულადი ჯარიმები დაუფარა და, ასევე, იგი ფინანსურად დაეხმარა იმ ადამიანებს, რომლებიც დემონსტრაციების დროს პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მძიმედ დაზარალდნენ.

ფონდმა 8 700-მდე აპლიკაცია მიიღო და 3 300-ზე მეტ შემთხვევაში დაზარალებულებს ფინანსურად დაეხმარა.

ბელარუსის ხელისულებამ ბანკებს მოსთხოვა, გაეყინათ ლეონჩიკის მიერ გადარიცხული თანხები და ასევე სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის წინააღმდეგ. გამოცემა Guardian-ი წერს, რომ ბანკებისთვის გაგზავნილ წერილის თანახმად ანდრეი ლეონჩიკი სვეტლანა ტიხანოვსკაისთან ერთად ფულს აგროვებდა "ბელარუსში პროტესტის მხარდასაჭერად" ხელისუფლების დამხობის მიზნით.

ლეონჩიკის თქმით, მას ტიხანოვსკაიასთან კავშირი არ აქვს. ის ამბობს, რომ თავიდანვე გადაწყვიტა, მისი ფონდი განცალკევებული ყოფილიო კიდევ ერთი ფონდისგან "სოლიდარობა ბელარუსს", რომელიც გაფიცულებს ეხმარება. ლეონჩიკი აღნიშნავს, რომ "სოლიდარობა ბელარუსს" სოლიდარობის მოძრაობაა, მისი ფონდი კი ჰუმანიტარული ხასიათისაა.

ანგარიშების გაყინვა ასობით ადმიანს შეეხო.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ბელარუსის ცესკო-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. რამდენიმეთვიანი პროტესტის განმავლობაში დააპატიმრეს 13 000-ზე მეტი ადამიანი. შედარებით მასობრივი დემონსტრაციები ყოველ კვირადღეს იმართება.

კომენტარები