რუსეთი

რუსეთში ბავშვების "პატრიოტული აღზრდისთვის" მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკის ასლი ააშენეს

რუსეთში, კარელიაში, მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკის რეპლიკა მოაწყვეს - მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც აცოცხლებს ფინელების მიერ საბჭოთა კავშირის ტყვეებისთვის შექმნილი ბანაკების ყოველდღიურ ყოფას. მუზეუმი მნახველების მიღებისთვის 2020 წლის დეკემბრიდან იქნება მზად.

პროექტი შეიმუშავა ფონდმა ღია შესაძლებლობები. ფონდის თანახმად, ბავშვები და მოზარდები პატრიოტული უქმეების პროგრამის ფარგლებში ეწვევიან მუზეუმს, სადაც შეძლებენ, ნახონ დოკუმენტური ფილმები და მონაწილეობა მიიღონ ომის და პატრიოტულ თამაშებსა და "სიმამაცის გაკვეთილებში".

პროექტი პატრიოტული განათლებისთვის გამოყოფილი საპრეზიდენტო გრანტით დაფინანსდა. 

"იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ყოფილ ტყვეებსაც. ისინი შეძლებენ, მოგონებები გაუზიარონ ბავშვებს" - თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის ღია შესაძლებლობების ხელმძღვანელმა ნატალია აბრამოვამ.

პროექტის მოწინააღმდეგე ისტორიკოსების თქმით, ხელისუფლება "მილიტარისტულ პოლიტიკას" ატარებს.

"ომი არ არის საბავშო წარმოდგა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია" - თქვა კარელიის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, მიხაილ გოლდენბერგმა.

 ეს ინიციატივა ამ მიმართულებით პირველი არ არის. პუტინმა 2015 წელს ჩამოაყალიბა სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული მოძრაობა, ხოლო 2018 წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შექმნა პატრიოტული დირექტორატი. გასულ წელს ქვეყნის უშიშროებამ ნასამართლევი არასრულწლოვნები მსგავს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკებში გაგზავნა, ხოლო სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სკოლების დამამთავრებელი კლასებიდან მოსწავლეებს მოსკოვთან ახლოს, სამხედრო თემატიკის პარკში ყოველწლიურ საგანმანათლებლო ბანაკებში წაიყვანენ.

მაისში გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის პუტინის მიერ გასული წლის სექტემბერში მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთი გამორჩეული ცივილიზაციაა და გენეტიკური და სხვა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით სჭირდება დაცვა. პუტინის მიერ ნახსენებ ტექნოლოგიებში, ზებგერით რაკეტებსა და უპილოტო მოწყობილობებს შორის არის ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური კვლევები.

კომენტარები