არჩევნები 2020

გოგორიშვილი: ცესკოს შედეგების შეჯამების ვადა 19 ნოემბრამდე აქვს, აპირებს დღეს შეაჯამოს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების სხდომაზე განსახილველ დეტალებზე საუბრობს. გოგორიშვილის თქმით, გასაჩივრების პროცესში არ არის დაცული ყველა კანონიერი ეტაპი და, მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბრამდე აქვს შეჯამების ვადა, დღეს 13 ნოემბერს აპირებს შეაჯამოს შედეგები.

"კანონში შავით თეთრზე წერია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგები უნდა შეაჯამოს მას შემდეგ, რაც გაივლის ყველა ეტაპს, ანუ აქ ჩამოთვლილია სასამართლოც – ორი ეტაპია სასამართლოში, პირველი ეტაპი ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლო და შემდეგ აპელაცია. ცესკო არ ელოდება ამ ვადას და, მიუხედავად იმისა, რომ 19 ნოემბრამდე აქვს შეჯამების ვადა, დღეს 13 ნოემბერს აპირებს შეაჯამოს შედეგები.

მე მაქვს სტატისტიკა, რამდენ ოქმს დასჭირდა შესწორების ოქმები – პროპორციულში ეს არის ყოველი მესამე, მაჟორიტარულში ყოველი მეორე ოქმი". – ამბობს გოგორიშვილი.

ხათუნა გოგორიშვილი ასევე საუბრობს ცესკოს მიერ უკვე გადათვლილი უბნების შესახებ და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის დაპირებული "დემოკრატობანას თამაში" იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არის მურუსიძის "კანტორა", მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ყველა გადაწყვეტილებას ისე იღებს, როგორც ეუბნებიან, მაინც გაეპარათ სამი შემთხვევა. ეს არის სამგორის 97-ე უბანი, დიდუბის 27-ე უბანი და საბურთალოს 73-ე უბანი, ეს იყო დემოკრატობანას თამაში, რომელსაც დაპირდა თამარ ჟვანია ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მეორე დღეს გაიხსნა სამი უბანი და სამივე უბანში აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები იყო ნაგავში გადაყრილი. ამის შემდეგ არცერთი უბანი აღარ გახსნილა, ამის შემდეგ დამთავრდა დემოკრატია. 

ყველგან აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები არის ნაგავში გადაყრილი და სამიდან სამი შემთხვევა ერთი შედეგით – ყველგან ოპოზიციის ხმები იყო გადაყრილი, ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ არჩევნები გაყალბდა". – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. 

ხათუნა გოგორიიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში მიმდინარე საოლქო ოქმების საჩივრების განხილვის სხდომიდან გამოაძევეს. ევროპული საქართველოდან სხდომას სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30-ვე ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. სხდომას ესწრებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც.

კომენტარები