მოლდოვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში პროდასავლელმა ოპოზიციონერმა სანდუმ გაიმარჯვა

მაია სანდუ
Reuters

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დათვლილია ხმების 99.86%. გამარჯვება პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა, მაია სანდუმ მოიპოვა. მან ხმების 57.63% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, რუსეთთან დაახლოებულმა, იგორ დოდონმა კი - 42.37%.

სანდუმ გაიმარჯვა დედაქალაქ კიშინიოვში და საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.

"ჩვენ გვჭირდება, რომ სახელმწიფო მუშაობდეს მოქალაქეებისთვის და არა ქურდებისთვის და კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის". – თქვა სანდუმ.

დოდონმა, რომელმაც მეორე ტურის ჩატარებამდე საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, ქუჩაში გამოსულიყვნენ, თუ მას არჩევნებს მოჰპარავდნენ, Facebook-ზე დაწერა:

"ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგები".

სანდუ ლიდერობდა არჩევნების პირველ ტურშიც. მან ხმათა 36.16%, დოდონმა კი 32.61% მიიღო. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპრეცედენტოდ მაღალი იყო ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოლდოველების აქტიურობა. უკანასკნელ წლებში ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანა ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა.

დოდონის მთავარ დაპირებას წარმოადგენდა რუსეთისაგან დახმარების მიღება, მათ შორის დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტაში. სანდუ კი მოსახლეობას ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირის დამყარებასა და დასავლეთიდან მეტი ფინანსური დახმარების მოზიდვას ჰპირდებოდა.

მოსალოდნელია, რომ გამარჯვების შემდეგ სანდუ შეეცდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

მისი პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” პარლამენტში უმცირესობაშია. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ რუსეთის შუამავლობით შეძლეს პრორუსულ სოციალისტურ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შეკვრა. მაშინ პრემიერმინისტრი თავად სანდუ გახდა, თუმცა მალევე მას უნდობლობა გამოუცხადეს, სოციალისტურმა პარტიამ კი ახალი კოალიცია ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოაყალიბა.

ამავე თემაზე:

კომენტარები