მაიკ პომპეოს ვიზიტი

პომპეომ NGO-ებთან შეხვედრისას სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა - აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და სამოქალაქო სექტორის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო."

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები