აშშ-საქართველო

დასავლეთის ძირეული გზავნილი – გამოიყენეთ ინსტიტუტები

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა 18 ნოემბერს შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. მაიკ პომპეო არ შეხვედრია ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თანახმად, აშშ-ს ელჩი ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად აქტიურ კონსულტაციებს მართავს ოპოზიციასთან. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დასავლეთის ძირეული გზავნილია – "გამოიყენეთ ინსტიტუტები. ახალგაზრდა დემოკრატიები ხშირად არ არიან მიჩვეულნი, რომ ინსტიტუტებით შეიძლება ცვლილების შემქნა".

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვერ ჩაერთვება საშინაო პოლიტიკურ დავაში, მას აქვს უფრო ფართო გზავნილი. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმის ნაცვლად, საქართველოში ჩატარებულიყო ბევრი ცალკეული შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციასთან, არსებობს ქვეყნის მხარდამჭერი ერთი გზავნილი.

"შეიძლება დავრჩეთ აქ [საქართველოში] და ჩავატაროთ ბევრი სხვადახვა შეხვედრა. ამის ნაცვლად, ჩვენ ვგზავნით ქვეყნის, მისი ინსტიტუციების, მოქალაქეების, ჩვენი პარტნიორობის, საქართველოს ტრანსატლანტიკური მომავლის მხარდამჭერ გზავნილს. ვფიქრობ, ამას ვიტყვით, მოაგვარეთ დავები და გააძლიერეთ საარჩევნო პროცესი მისი უარყოფის ნაცვლად."

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, დარღვევებსა და რეფორმების აუცილებლობაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე.

"ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან, იქ რომ იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გაკეთდა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა განაჩენის ნდობა". - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აშშ-ს საგარეო უწყების ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს 31 ოქტომბრის არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზეც. მათ აღნიშნეს, რომ ამ არჩევნებზეც მოხდა ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპოზიციას მოუწოდეს, კანონიერი გზით გაასაჩივრონ დარღვევები და ბოიკოტის ნაცვლად ცვლილებებისათვის პარლამენტიდან იმუშაონ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგების გასაჩვრება სცადეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე სასამართლოში.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩელი არ დაუკმაყოფილა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველო.

13 ნოემბერს გამართულ შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლოებმა მათი სარჩელების 92.8% არ დააკმაყოფილეს, სააპელაციომ კი - 100%.

კომენტარები