ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში ახალი კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ბათუმში, კლინიკა მედცენტრში ახალი კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა. კლინიკის ექიმის, ზვიად ბახტაძის ცნობით, გარდაცვლილ ექიმი საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-ინფექციით 14 ნოემბერს შეიყვანეს. მას COVID 19-თან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა. მისივე თქმით, ექიმი კლინიკაში ფილტვების 80%-იანი დაზიანებით შეიყვანეს.

"ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, შუნტირება ჰქონდა გადატანილი. დღეს დილით გარდაიცვალა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით". – ამბობს ექიმი.

გარდაცვლილი მოქმედი ექიმი იყო, ის მედცენტრში და კლინიკა მედინაში მუშაობდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების ახალი 3 768 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი.

20 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 96 860 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 77 932 გამოჯანმრთელდა, 894 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები