ბელარუსი

ბელარუსის სასამართლომ კოლესნიკოვასთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

მარია კოლესნიკოვა
TIME

მინსკის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვასთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას

17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს.

კოლესნიკოვას ადვოკატმა, ლუდმილა კაზაკმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სასამართლოს 20 ნოემბრის მოსმენა. მისი თქმით, მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა იყო. 

ადვოკატმა ასევე თქვა, რომ კოლესნიკოვამ დაკავების ცენტრიდან მას 10 წერილი გაუგზავნა, მან კი მხოლოდ 4 მიიღო. 

"ადვოკატთან კავშირისთვის ხელის შეშლაც დარღვევაა. ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ საჩივარი დაკავების იზოლატორში" - განაცხადა კაზაკმა.

6 ნოემბერს მინსკის სასამართლომ უარყო კოლესნიკოვას გირაოს მოთხოვნა. კოლესნიკოვას წინასწარი პატიმრობა 8 იანვრამდე გაუგრძელეს.

კოლესნიკოვა 7 სექტემბერს გაუჩინარდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის კვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

დაკავების შემდეგ მას ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შეთხვევაში მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად გახდა ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები