ახალი კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: ამ ეტაპზე ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ასევე საუბრისას აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე სექტორში წესების დაცვის კუთხითაც არის გამოწვევები.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზექვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება.

"რადგან, სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. შეხვედრას ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ". – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 36 და გამოჯანმრთელდა 3 561 პაციენტი.

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. სულ 18 482 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები