კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საჭირო და აუცილებელი თუ არ არის, არ უნდა წახვიდე არსად

"მაქსიმალური შეზღუდვები, მობილობის მაქსიმალური დაგდება". - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი 2-ის კითხვას, რა არის ეპიდემიის შესაჩერებლად მისი მთავარი რეკომენდაცია.

კითხვაზე, ეს არის თუ არა ლოკდაუნი, პაატა იმნაძე იმეორებს, რომ გულისხმობს "მობილობის მაქსიმალურ დაგდებას". დამატებით კითხვაზე, განმარტოს, რას ნიშნავს ეს, NCDC-ის დირექტორის მოადგილე პასუხობს - "საჭირო და აუცილებელი თუ არ არის, არ უნდა წახვიდე არსად, ეს არის მობილობის მაქსიმალური დაგდება".

პაატა იმნაძის თქმითვე, საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით განიხილავს ყველაფერ იმას, რაც მობილობას მაქსიმალურად დააგდებს.

"ნაკლები უნდა იყოს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა". - აღნიშნა მან.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები