კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: "ოჯახის წევრი მეხრჩობა" – ასეთი ზარი მობილურზე შემომდის დღეში 100-ზე მეტი

ქართული ოცნება

"ასეთი ზარი ჩემს მობილურზე შემოდის დღეში 100-ზე მეტი". – ასე პასუხობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი რუსთავი ორის კითხვას, ხშირად თუ ურეკავენ ფრაზით - "ოჯახის წევრი მეხრჩობა".

კითხვაზე, რას პასუხობს მათ ლევან რატიანი, კლინიცისტი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად ბინაზე მოვლის რჩევებს აძლევს, ხოლო თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ხშირად უარის თქმა უწევს. 

"არის შემთხვევები, როცა სახლში პაციენტი და მისი პატრონები ვერ უმკლავდებიან, სამწუხაროდ, ასეთ პაციენტებს ლევან რატიანი ვერ ღებულობს ხშირად, სამწუხაროდ, ინტენსიურ თერაპიაში და რეანიმაციულ განყოფილებაში მათთვის ადგილი ვერ იძებნება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რესურსი, სამწუხაროდ, ამოწურულია, ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ლევან რატიანი მას ვერ მიიღებს". – ამბობს ის.

24 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 111 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 92 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 051 კი გარდაიცვალა. სულ 18 526 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები