კორონავირუსი საქართველოში

საპატრიარქო: მრევლმა ტაძარში დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, მრევლმა ტაძარში ყოფნისას დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესები, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად:

"COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული". – წერია განცხადებაში.

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. 24 ნოემბერს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა. სულ 18 197 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები